1-ელი ივნისიდან ავტოსადგურები ახალი წესებით იმუშავებენ
© photo: Sputnik / Stringerავტოვაგზალი

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ავტოსადგურების სერტიფიცირება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში ავტოსადგურები 1-ელი ივნისიდან ვალდებული იქნებიან საქმიანობის გასაგრძელებლად სერტიფიკატები აიღონ, რომლის თანახმად ავტოსადგურებში დამონტაჟდება ელექტრონული ტაბლოები და სპეციალური ბაქნები, ასევე დაინერგება ელექტრონული ბილეთების შეძენის სისტემა.
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია.
„ქართულ რეალობაში უცხო იყო ბილეთების ელექტრონული შესყიდვის სისტემა, მხოლოდ ინდივიდუალურ გადამზიდავებს ჰქონდათ. ჩვენი ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ქმნის ერთიან პლატფორმას ელექტრონული ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელთანაც ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ. ასევე იქნება ელექტრონული ტაბლოები, როგორიც არის აეროპორტებში, რომელიც აჩვენებს ტრანსპორტის შესვლას, გასვლას და დაგვიანებას. ყველა სიახლე იქნება მორგებული მგზავრების უსაფრთხოებაზე და კომფორტზე", - განაცხადა ავტოსადგურების ქსელ „ოკრიბას" წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ.
2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად მძღოლებმა უნდა მიიღონ ნებართვა მგზავრების გადაზიდვაზე.
ამავე პერიოდში ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა პერიოდულად უნდა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა.
სერტიფიკატების ძალაში შესვლის შემდეგ, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება.
მეორე კლასის ავტოსადგურიდან მოხდება შიდა გადაზიდვები, საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.
მესამე კლასის ავტოსადგურში შიდა გადაზიდვები განხორციელდება, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პირველი და მეორე კლასის სადგურები, ან მათი ტევადობა არასაკმარისია.
ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს. მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტების მიხედვით განხორციელდება.