პაპუაშვილი: პარლამენტმა მოამზადა განცხადება, სადაც MEGOBARI Act-ი შეაფასა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2025
გამოწერა
MEGOBARI Act-ის ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. MEGOBARI Act-ს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამას თბილისის პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერად მიიჩნევენ. „ქართული ოცნებაში“ კი ინიციატივას არამეგობრულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
„საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. პროექტი გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი თავად იქნება და განხილვები ხვალ შედგება როგორც კომიტეტში, ისე პლენარულ სხდომაზე.
„ინიციატორები გახლავართ ერთი მხრივ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, იგი სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად ეხება ე.წ. მეგობარი აქტის საკითხსაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული „აბსურდული კანონი – ე.წ. მეგობარი აქტი არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“.
რას ნიშნავს MEGOBARI Act-ი
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით.
ანალოგიური კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის სენატშიც იქნა წარდგენილი. დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
„მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა, ახლა კი ზედა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.
ყველა ახალი ამბავი
0