ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა ღია წერილით მიმართა

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2025
გამოწერა
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ ღია წერილში.
კობახიძის თქმით, მან აღნიშნულ პირებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართა. ამას წინ უძღოდა საჯარო განცხადებები, რომლებშიც პრემიერ-მინისტრმა ღიად გამოთქვა მზაობა, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევის შესაბამისად, განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის.
„თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის. აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო", - ნათქვამია ღია წერილში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში, საქართველო მრავალი წელია არის აშშ-ის ყველაზე საიმედო პარტნიორი ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კობახიძემ.
მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით საქართველომ აშშ-ს 2,5 მლრდ დოლარი დაუზოგა, რაც პრემიერის თქმით, აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება.
„რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-2011 წლებში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო", - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, რეალურ დახმარებაში ასევე არ ითვლება თანხები, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა.
„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ (EED) გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მართულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ილექება.
თებერვლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
„საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ შევადარებთ საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით", - ნათქვამია წერილში.
ამასთან, კობახიძის თქმით, არის სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინაში საომარ მოქმედებებთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
„ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ", - დაწერა კობახიძემ.
უფრო მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ახსენა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „აბსურდული კანონი" - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.
სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს მწერალ ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც „ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი".
„სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს", - ნათქვამია წერილში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამას თბილისის პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერად მიიჩნევენ.
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
პრემიერის თქმით, ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია.
კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ", - ნათქვამია წერილში.
ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება.
„რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმა გაიხსენა, რომ რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის „უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია".
„როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან და ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ერთმანეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გამოკვეთს.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თუ Deep State -ის სრული დამარცხება შესაძლებელი იქნება, მაშინ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას ვერაფერი შეაჩერებს.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდეს. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმიფო მოხელეთა წმენდა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური სააგენტო USAID გამოცხადდა „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ და ახლა მისი ფინანსების გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
ყველა ახალი ამბავი
0