ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე: ღონისძიებების განრიგი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმრევლი ტაძარში
მრევლი ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს ულოცავს და იმ ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაშია დაგეგმილი.
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. საქართველოში ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
„ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
12 მაისს სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღესასწაულის აღნიშვნა 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.
12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე. იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.
13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში.
14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში.
15 მაისს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.
16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.
„ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა
ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
ანუ, მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა, ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.
როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო
ყველა ახალი ამბავი
0