სკანდალური წარმოდგენა LIBERTE – საპატრიარქო ავტორებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

© Courtesy of Royal District Theatreსპექტაკლ LIBERTÉ-ს აფიშა
სპექტაკლ LIBERTÉ-ს აფიშა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ თუ შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, მას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ თბილისის სამეფო უბნის სკანდალური სპექტაკლ „ლიბერტეს“ (Liberté) ავტორებს სინანულისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეკლესიიდან განკვეთა ემუქრებათ, ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკ „ლიბერტედან“ ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც არის პიკანტური სცენები, ისმის უცენზურო ლექსიკა და ღვთისმშობლის მიმართ დამამცირებელი სიტყვები. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ეპიზოდმა ქართული საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.
„აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა, ნათქვამია განცხადეაში.
„როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან", - აღნიშნულია განცხაებაში.
საპატრიარქომ მოუწოდა ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. „თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება აღნიშნულ ფაქტს სწორ შეფასებას მისცემს.
სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში „სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართა. "ლიბერტეს“ ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და ასევე აკრძალულია გადაღება.
რეჟისორი დათა თავაძე ცნობილი ქართველი მსახიობების - ნიკა თავაძისა და ნატო მურვანიძის ვაჟია.
ყველა ახალი ამბავი
0