Вечный огонь у памятника Неизвестному солдату - Sputnik საქართველო, 1920
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

თბილისის მერი: ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველოს წვლილი დიდია

© photo: Sputnikომის ვეტერანები
ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2025
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი, ზიზღი. 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, რაშიც დიდია საქართველოს წვლილი. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 26 - თბილისში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 2 ათასი ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს 100 ლარის ოდენობით ერთჯერადი სოციალური დახმარება გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0