ქვრივიშვილი: საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2025
გამოწერა
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„ეს მონაცემი არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ასევე გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისების რაოდენობაც - დაფიქსირდა 9,908 რეისი და ზრდამ 16% შეადგინა.
„ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. მიმდინარე წელს ჩვენს ავიაბაზარს ოთხი ახალი ავიაკომპანია (British Airways, EasyJet, edelweiss და Transavia France) შემოემატა. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, წვდომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდას”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია იყოს საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორში.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვა ავიაკომპანია Air Serbia, რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას თბილისისა და ბელრადის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე დაიწყებს.
„ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგების – ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.
გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება.
ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0