სახლი დადაიანზე, სადაც იატაკი ჩაინგრა- რას სთავაზობს მერია ოჯახებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2025
გამოწერა
აღნიშნული სახლის მაცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩაინგრა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
4 მაისს ცოტნე დადიანის ქუჩაზე სამსართულიან ავარიული კორპუსში იატაკი ჩაინგრა. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, იმავე დღესვე, იქ მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაშველებმა სახლისდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, რომელბიც კონტაქტური იყვნენ. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე - ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე ესა თუ ის პროგრამა განვახორციელოთ და ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან იძულებით გამოვიყვანოთ. ამიტომ, აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე შეხვდა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიეწოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ, თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას. საკითხის გადაწყვეტამდე, მოსახლეობას რაიონული გამგეობა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას სთავაზობს.
„ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
ყველა ახალი ამბავი
0