გარდაიცვალა ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი

ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
ვახტანგ მაჭავარიანს 2011 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპოზიტორის შვილმა ალექსი მაჭავარიანმა გაავრცელა.
„ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი," — დაწერა ალექსი მაჭავარიანმა.
ვახტანგ მაჭავარიანი 1951 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. იგი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის შვილი.
ვახტანგ მაჭავარიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და სადირიჟორო ფაკულტეტები დაამთავრა. 1984-1990 წლებში თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან და იყო ბალეტ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.
მაჭავარიანი 1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2017 წელს კი მას მიენიჭა მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.
იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. მაჭავარიანი ასევე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი.
მაჭავარიანის რეპერტუარში ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკაა. ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა „ნაცარქექია“, ათი სონეტი შექსპირის მიხედვით, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, „მარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისთვის.
გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების ფირფიტები, კომპაქტდისკები.
2011 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
ყველა ახალი ამბავი
0