ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნება"
„ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მმართველ პარტიას ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, ისეთი ადამიანი, რომელიც გუნდთან ერთად შეძლებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევს. ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
„რაიონული კონფერენციები უკვე დასრულდა, პარტიული ყრილობა 13:00 საათზე იქნება. პარტია ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს აირჩევს. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება “, – განაცხადა ბოჟაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე 2024 წლის 1-ელ თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაიმართება. აღნიშნული არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.
დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
ყველა ახალი ამბავი
0