„ვივამედში“ პატიმარი გარდაიცვალა: პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
12:48 05.05.2025 (განახლებულია: 13:39 05.05.2025)
© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. კლინიკა „ვივამედში" პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის იანვარში გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 4 მაისს, საღამოს გავრცელდა.
პატიმრის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას თქმით, გორგაძე ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს - მას სახის არეში დაახლოებით 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
„გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
„2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა გორგაძე გასული წლის ოქტომბერში წალკასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბრის ღამეს გორგაძე, რომელიც წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით ავტომობილით მოძრაობდა, გზის პირას მდგომ ოთხ ადამიანს დაეჯახა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო აქციიდან ბრუნდებოდნენ თბილისში.