ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და ADB-ს შორის შეთანხმება გაფორმდა

© Ministry of Finance of Georgiaაზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2025
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან საქართველოს მხარდამჭერი და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 98 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა ლესლი ბერმან ლამმა.
პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას.
გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ისე საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0