თბილისის „დინამოს" ლეგენდარულ კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე 70 წლისაა
© press-service of the President of Georgiaალექსანდრე ჩივაძე

© press-service of the President of Georgia
გამოწერა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ჩივაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის დაწერაში.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ნამდვილი ქართული ხასიათის ცოცხალი განსახიერება საფეხბურთო მოედანზე - ასე მიულოცეს საქართველოს პირველმა პირებმა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყოფილ ცენტრალურ მცველს, თასების მფლობელთა თასის მფლობელ ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა სპორტსმენებმა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოს ასეთი ლეგენდა ჰყავს.
„თქვენი შთამბეჭდავი კარიერა მართლაც აღუწერელია. მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, აქ ჩემს კოლეგებს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა ფეხბურთი შეგვიყვარეს და დიდი ფეხბურთის თამაშის სურვილი გაგვიჩინეს. ესენი იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძი იყვნენ, რომლებზეც გავიზარდეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ჩივაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის დაწერაში.
„მივულოცავ იუბილეს ბატონ ალექსანდრეს და მილოცვასთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილმა ლეგენდამ... შეუძლებელია, უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ჩივაძემ დიდი როლი შეასრულა მის, როგორც პროფესიონალი და წარმატებული ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში.
„მე სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად თქვენი ხელმძღვანელობით მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ. თქვენ ხართ ცოცხალი ლეგენდა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდში ჩივაძის დებიუტი 1974 წელს შედგა და კარიერის ბოლომდე ერთგული დარჩა თბილისური კლუბის - მისი საფეხბურთო მოღვაწეობა 1987 წელს, უეფას თასზე ბრემენის „ვერდერის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დასრულდა.
თავდაპირველად ჩივაძემ ძალები ნახევარმცველის რანგში მოსინჯა, თუმცა „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა გადაწყვიტა, ფეხბურთელი დაცვის ცენტრში დაეყენებინა. როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია ჩივაძისთვის იყო შექმნილი.
ჩივაძე არის უეფას თასების თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ასევე საბჭოტა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976,1979). 1980 წელს ქართველი მცველი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
1984 წელს, უემბლიზე საბჭოთა კავშირისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელშიც საბჭოთა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს, ინგლისელმა ჟურნალისტებმა ჩივაძეს დაცვის გენერალი უწოდეს.