საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია კვლავ გადავადდება

© photo: Sputnikტურისტები მცხეთაში
ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2025
გამოწერა
რეგისტრაციის გარეშე გიდად მუშაობა 500-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ქართველი და უცხოელი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია კიდევ ერთი წლით გადავადდება - შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე დარეგისტრირდა.
წესი, რომლის თანახმადაც ყველა გიდი ვალდებული იყო დარეგისტირებულიყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, თავდაპირველად ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა მოგვიანებით 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გიდებისათვის რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება 2025 წლის 1-ელი ივნისის ნაცვლად 2026 წლის 1-ელი ივნისიდან დაიწყება.
„იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო პროცესი ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან ის სუბიექტები, რომლებსაც ეს პროცესი არ დაუსრულებიათ, ამ ნაწილში ჯარიმის ამოქმედება მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს სექტორისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია რეგისტრაციის გარეშე ამ საქმიანობის განხორციელებისათვის სანქციის დაკისრების მექანიზმი გადავადებულ იქნეს დამატებით ერთი წლის ვადით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ გიდი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას არ გაივლის, მას დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება და ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით: ტურისტული გიდი - შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სანდო და დეტალურ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ. უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსის დაცვის ნორმების გაცნობას.
მოქმედი კანონით კი, ტურისტული გიდი არის ფიზიკური პირი, რომელიც დაკავებულია ტურისტების უშუალო მომსახურებით, კერძოდ, ტურის წინასწარი გეგმის ან პროგრამის, მარშრუტისა და დროში გაწერილი გეგმის თანახმად, ტურის შინაარსობრივად, ტექნიკურად და ლოგისტიკურად წარმართვას უზრუნველყოფს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.
ყველა ახალი ამბავი
0