პროკურატურა: ე.წ. ფონდების დამფუძნებლების სახლების ჩხრეკა საბოტაჟის საქმეზე მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2025
გამოწერა
პროკურატურის მტკიცებით, ფონდების საქმიანობა მიმართული იყო სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქველმოქმედო ფონდებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების სახლებში ჩხრეკა ტარდება საბოტაჟის და უცხოური ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამშაბათს, 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ფონდების ხელმძღვანელი პირების ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩხრეკა განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე რამდენიმე მუხლით მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში. საქმე ეხება „საბოტაჟის", „დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის", „უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების", და „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე" მიმდინარე გამოძიებას.
პროკურატურის მტკიცებით, ე.წ. ფონდები („ნანუკას ფონდი“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ასევე სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
გამოძიების დეტალები
17 მარტს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 ფონდის საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა. პროკურატურის მოთხოვნით, დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები: Nanukas Found, Prosperity, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია" და Georgian Human Rights House (საქართველოს ადამიანის უფლებათა სახლი).
პროკურატურის ცნობით, მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულია 2 მლნ ლარზე მეტი.
ე.წ. „ფონდები" მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების წახალისებაზე, ასევე ამ დანაშაულის ჩასადენად საჭირო აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად, აღნიშნეს პროკურატურაში.
კერძოდ, მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“ „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, აღნიშნული თანხები გამიზნული იყო ძალადობრივი ჯგუფების დასაფინანსებლად, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმის დროს „მოწინავე ხაზზე" იყვნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რომელთა შედეგად დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების ათობით თანამშრომელი, ასევე დემონსტრანტებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, საბანკო ანგარიშები და სახსრები დაყადაღდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ე.წ. „ფონდების“ თანხების დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ე.წ „მარშებმა და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.
ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეცტექნიკა.
„გარდა ამისა, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის გამო განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
გამოძიებით დადგინდა, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ.
კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0