ლუდომანთა რეესტრში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეიყვანენ

კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2025
გამოწერა
საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. 2025 წლის 5 მაისიდან ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებიც შევლენ.
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მიმდინარე წლის 16 აპრილს მოაწერა ხელი.
2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
2022 წელს საქართველოში გაამკაცრეს კანონი, რომელიც აკონტროლებს კაზინოების, ტოტალიზატორების და სლოტ-კლუბების ფუნქციონირებას. ამასთან, გაჩნდა იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოებში თამაში, ტოტალიზატორებში ფსონების დადება და ა.შ.
2022 წლის 1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.
25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლუდომანთა რეესტრში შეტანილ პირთა სტატისტიკა ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა - იმ დროისთვის 1.524,358 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული იყო 20.369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 54, ხოლო თავად პირის მიმართვით – 20.315. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლუდომანთა რეესტრში ავტომატურ რეჟიმში შეტანილ იქნა 1.522,900 პირის შესახებ მონაცემები.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.
ყველა ახალი ამბავი
0