რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თხილის ექსპორტისგან

© photo: courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionთხილის საწარმო
თხილის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 6,29 დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, ცხრა თვეში საქართველოდან ექსპორტზე 26,5 მლნ დოლარის ღირებულების 16 ათასი ტონა თხილი გავიდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 20%-ით, მისი ღირებულება კი 36%-ით.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა,თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.
თხილის წარმოების და ექსპორტის ზრდა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირდაპირი შედეგია. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერმა, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით მიიღო. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 95 ათასამდე ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 21,5 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღო. თხილის კადასტრში დღეისათვის რეგისტრირებულია 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
ყველა ახალი ამბავი
0