აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაზრდის კუთხით დაეხმარება

© Government of GeorgiaЭнергетика. Подстанция "Марнеули-500"
Энергетика. Подстанция Марнеули-500 - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2025
გამოწერა
პროექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.
ADB-ის „ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ბანკი საქართველოს დაეხმარება შექმნას ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური და შეისწავლოს „მწვანე“ წყალბადის განვითარების შესაძლებლობები.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობებს უფრო დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის. თბილისთან ახლოს, ქსანში მდებარე ქვესადგურში 200მეგავატიანი/200მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის (BESS) დამატებით.
პროექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობებს.
ADB-ში განმარტეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ნალექიანობისა და წყლის ხელმისაწვდომობის ცვლილება სერიოზულ რისკებს უქმნის ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებზეც საქართველოს ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
ამიტომ ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა სააკუმულატორო ქვესადგური (BESS) და „მწვანე“ წყალბადი, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების რისკების დაძლევისა და მოსახლეობისთვის მდგრადი ენერგიის მიწოდებისთვის.
ADB-მა ასევე დაამტკიცა 400 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.
„ჩვენ ვხედავთ მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს საქართველოში. ზედმეტი ენერგია, რომელიც წარმოიქმნება პიკის სეზონებზე, შესაძლებელია გარდაიქმნას წყალბადად, შეინახოს და ასევე გაიყიდოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებზე, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს",- განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის წამყვანმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებასა და დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმოქმედებს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
მწვანე წყალბადი
„მწვანე" წყალბადი მიიღება წყლის ელექტროლიზით განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის გამოყენებით.
მას აქვს დიდი პოტენციალი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, რადგან შეუძლია შეცვალოს წიაღისეული საწვავი იქ, სადაც დეკარბონიზაცია უფრო რთულია, მაგალითად, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში, ან ზოგიერთ სამრეწველო პროცესში.
„მწვანე" წყალბადს ასევე აქვს სეზონური სისტემის სახით ენერგიის შენახვის დიდი პოტენციალი.
ყველა ახალი ამბავი
0