საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 22 ქვეყანაში იზეიმებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2025
გამოწერა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 5 მილიონზე მეტი ლარი.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს დაახლოებით 22 ქვეყანაში გაიმართება, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები დედაქალაქის მთავარი გამზირის რუსთაველის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
„დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დაახლოებით 22 ქვეყანაში იმართება მასშტაბური ღონისძიებები“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში საზღვარგარეთ დაგეგმილი ამ ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 5 მილიონზე მეტი ლარი.
„მგონი, ძალიან ღირსეულად და ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილები წელს საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა დავითულიანმა.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა არ გაიმართება.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შესაბამისი აქტი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0