ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტები გამოვლინდა

CC BY 2.0 / Sterling College / Axeნაჯახი
ნაჯახი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2025
გამოწერა
კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა, განაცხადა თბილისის მერმა
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონებში ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თმით, კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
„დედაქალაქში გვაქვს რეკრეაციული ზონები, სადაც არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტყეს ჩეხენ. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად, მუნიციპალურმა ინსპექციამ წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე, ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებში ელდარისა და შავი ფიჭვის უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს და მერიას კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნა რომ შესაბამისი სამსახურების მხრიდან შემოსულ ინფორმაციაზე მაშინვე მყისიერი რეაგირება მოხდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 2022 წელს გამკაცრდა კანონი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები. მსგავსი ფაქტის ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს.
„მსგავს უკანონობას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და გვექნება მკაცრი მიდგომები. წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც მნიშვნელოვანია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ეს ქალაქი ყველასია. მხოლოდ თბილისის მერია ხომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი? ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, მერია რეკრეაციულ პროექტებს ახორციელებს, უამრავ პარკს აწყობს, სკვერებს რეაბილიტაციას უტარებს და მეორე მხრივ, ადამიანთა გარკვეული კატეგორია თავისი პატარა ინტერესებისთვის ტყეს ჩეხს.
„მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელი", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ტყის უკანონო ჭრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. 2018 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. „საქმიანი ეზოები" სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0