საქართველოში ყურძნის სუბსიდირება ახალი პირობებით გაგრძელდება
© National Wine Agency of Georgiaყურძნის მოსავალი

© National Wine Agency of Georgia
გამოწერა
2024 წელს რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას 2025 წელშიც გააგრძელებს, თუმცა, ხარისხიან და დაბალხარისხიან ყურძენზე სხვადასხვა თანხას გადაიხდის, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებს.
„წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ფერმერისგან კვლავ ჩაიბარებს ჭარბ ყურძენს, თუმცა, შესყიდვის დროს ფასი გვექნება დიფერენცირებული - მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე ფასში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება", - განაცხადა მეხუზლამ.
სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა ყურძნის ხარისხის გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარების მნიშვნელობა, რაც საბოლოო ჯამში ღვინის ხარისხს გააუმჯობესებს.
„ყურძნის ხარისხში, შაქრიანობასთან ერთად, იგულისხმება ყურძნის სიჯანსაღე, რაც დაავადებების არარსებობას ნიშნავს", - განაცხადა მეხუზლამ.
მისი თქმით, ყურძნის შეფასების მეთოდებო ჯერ კიდევ დამუშავებისსტადიაშია. ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი და, შესაბამისად, ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა“, - განაცხადა მეხუზლამ.
2024 წელს რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყურძნის სუბსიდირება
2024 წელს სახელმწიფო სუბსიდია იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც შეიძინეს და გადაამუშავეს არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენი და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდეს არანაკლებ 1 ლარი.
სუბსიდიის ოდენობამ კილოგრამზე 0,2 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენი 1,50 ლარად ჩაიბარა.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის" წარმოებისთვის 1 კგ „ალექსანდროულისა“ და 1 კგ „მუჯურეთულის“ შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებმა 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია მიიღეს.
სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იყო ფერმერისთვის 1 კგ ყურძენზე არანაკლებ 8 ლარი გადაეხადა და ასევე აღნიშნული ჯიშის მინიმუმ სამი ტონა ყურძენი შეესყიდა.
ქართული ღვინო
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. რრუსეთი წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია.
2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს, 1,4 მლნ ლარით აღემატება.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში - ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წელს 1,5 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კი 16 მლნ.
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ჯამში, გასულ წელს საქართველომ 56 ქვეყანაში 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი გაიტანა - 53%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. ქვეყანამ ექსპორტისგან 289 მლნ (+47) დოლარი მიიღო.
2024 წელს ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა - ქვეყნიდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში 276,1 მლნ აშშ დოლარის (+7%) ღირებულების 95 მლნ ლიტრამდე ღვინის (+6%) ექსპორტი განხორციელდა.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.