სესი რძის ნაწარმის უვნებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo : Kitchen Anahitრძის ნაწარმი
რძის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2025
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მისმართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. დღეს, დახლებზე განთავსებული ადგილობრივი და იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები უვნებელია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ბრიფინგზე.
3 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლის ნობათის" რძის 5 ნიმუშში სიცოცხლისთვის სახიფათო მიკოტოქსინი - აფლატოქსინი M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
„დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს",- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მისი განმარტებით, "სოფლის ნობათის" მწარმოებელი კომპანიის რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად.
"დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება", - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.
"სააგენტოს მისმართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ - არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი. სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სახელმწიფო კონტროლი
სურსათის ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ ამოწმებს, რაც შეეხება "სოფლის ნობათს" ამ ბრენდის მწარმოებელ კომპანიაში გასულ წელს 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს უწყებამ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში; რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის - 300 ნიმუში; ბრუცელოზზე გამოსაკვლევად - 200 ნიმუში; ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად - 50 ნიმუში; ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის - 50 ნიმუში; სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის - 100 ნიმუში; რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის - 20 ნიმუში; სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად - 165 ნიმუში.
სკანდალი "სოფლის ნობათის " გარშემო
გუშინ, "სოფლის ნობათმა" გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს თანამშრომლობას რძის მომწოდებელ აზერბაიჯანელ პარტნიორთან მანამ, ვიდრე ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:
სასმელი რძე "საბავშვო", ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 1,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 1,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 3,2% ცხიმიანობით.
2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ყველა ახალი ამბავი
0