პატიმრები საქართველოს ციხეებში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2025
გამოწერა
პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,7 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი მარტისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 8,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის დაახლოებით 1,1 ათასი უცხოელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა უმრავლესობა მამაკაცია, ამასთან, 1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 390 ქალი იყო - მათგან 99 უცხოელი.
პატიმართა საშუალო ასაკი 30-50 წელია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 78 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 74 პირი იმყოფება.
პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,7 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი
2025 წლის 1-ელი მარტისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 70,6%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, 14,9% - თბილისში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
რისთვის და სად იხდიან სასჯელს
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი (66%) სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის. კიდევ 24% - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 188 პატიმარია (საერთო რაოდენობის 2,7%) და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში იმყოფება 194 პატიმარი, მათ სამსახურის ან სწავლის გამო საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება აქვთ.
ქალები და არასრულწლოვნები ცალკე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში არიან მოთავსებული.
პატიმრობის პირობები
საქართველოში მსჯავრდებულებს მუშაობის და განათლების მიღების უფლება აქვთ. კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში პატიმრებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ.
1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სასკოლო განათლებას იღებდა 72, ხოლო უმაღლეს განათლებას - 38 პატიმარი. კიდევ 254 პატიმარი პროფესიულ განათლებას იღებდა.
დასაქმებული იყო 972 მსჯავრდებული. ამასთან, პატიმრები შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს, თანხა მათ ბარათებზე ერიცხებათ. მათ შეუუძლიათ აღნიშნული თანხა ციხის მაღაზიაში დახარჯონ ან გაუგზავნონ ოჯახებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პატიმართა ნახევარი დაქორწინებულია.
ყველა ახალი ამბავი
0