ვიცე-პრემიერი: აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა შიეძლება საქართველოსთვის ხელსაყრელი იყოს

© photo: Sputnik / Mariya Devakhina აშშ-ის დროშა
 აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2025
გამოწერა
როგორც დავითაშვილმა განმარტა, თუ ახალი გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ინვესტორები ამას გაიგებენ, საქართველოში შეიძლება დამატებით ინვესტიციები შემოვიდეს.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. აშშ-ის მიერ 185 ქვეყნის წინააღმდეგ იმპორტირებულ პროდუქციაზე „საპასუხო" გადასახადების შემოღებამ შეიძლება საქართველოში დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე „საპასუხო" გადასახდების შემოღების შესახებ. ახალი გადასახადი, თითოეული სახელმწიფოსთვის, მათ მიერ აშშ-ისთვის დაწესებული სავაჭრო ბარიერის მთლიანი ხარჯისა და ტარიფების ჯამური ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე განისაზღვრა.
„ამგვარად, ამან შეიძლება ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა, საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, აშშ-მ შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, გამოიყო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი - 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია.
ეკონომიკის მინისტრმა ვითარება ღვინის მაგალითზე ახსნა, რომლის ექსპორტი საქართველოდან, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
„აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, 10%-იანი გადასახადი, არსებულ 4%-თან ერთად, ანუ ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, თუ ახალი გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ინვესტორები ამას გაიგებენ, საქართველოში შეიძლება დამატებით ინვესტიციები შემოვიდეს.
მისი თქმით, საქართველოდან აშშ-ში 150 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის.
„ეს 60%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს არ წარმოადგენს", - აღნიშნა მან.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
აშშ საქართველოს ხუთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორისაა. 2024 წელს ქვეყნებმა 2,2 მლრდ დოლარის ივაჭრეს, რაც თითქმის 2%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0