ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2025
გამოწერა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 25 მარტს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯაფარიძეს 25 მარტს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება 4 აპრილს წარუდგინა.
ჯაფარიძემდე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით ასევე 50000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
როგორც მანამდე კომისიის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლისსამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
კომისიის საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
ყველა ახალი ამბავი
0