პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

სასიგნალო იარაღი
სასიგნალო იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2025
გამოწერა
პროექტის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღით ვაჭრობა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) იქნება ლიცენზირებული საქმიანობა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებში, რომლებითაც რეგულირდება იარაღის ლიცენზიასა და ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტის თანახმად, მკაცრდება ე.წ. სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღი ცეცხლსასროლ იარაღს გაუტოლდება და ლიცენზირებულ მაღაზიებში მხოლოდ სპეციალური ნებართვით გაიყიდება.
ნებართვა ასევე საჭირო იქნება აღნიშნული ტიპის იარაღის ტრანზიტის, უცხოელების მიერ მათი შეძენის, ტრანსპორტირებისა და გადაზიდვისთვის.
გარდა ამისა, ე.წ.სასიგნალო იარაღის ყველა მფლობელს მოეთხოვება მისი რეგისტრაცია სანადირო თოფების წესების შესაბამისად.
სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნებთან დაკავშირებულ ლიცენზიებს თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ხოლო ნებართვებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის, მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი დადგინდება - აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.
პროექტის ფარგლებში სასიგნალო იარაღის ტარების წესიც დარეგულირდება. კერძოდ, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება.
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ე.წ. სასიგნალო იარაღის სახეობებს, რომელთა გაყიდვაც, ქვეყანაში შემოტანა და შენახვა იქნება შესაძლებელი.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
ყველა ახალი ამბავი
0