ვაკის პარკის რეაბილიტაცია: მიიღებს თუ არა წინადადებას თბილისის მერია?

© photo: Sputnik / Stringerვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2025
გამოწერა
ერთადერთი კომპანია, რომელმაც წინადადება წარადგინა, იყო „დაგმა“, რომელმაც სამუშაოს შესრულება 31,9 მლნ ლარად შესთავაზა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე განაცხადების მიღება დასრულდა - წინადადება ერთმა კომპანიამ წარადგინა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის აღდგენის მიზნით 47 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ტენდერი 2025 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა.
ერთადერთი კომპანია, რომელმაც წინადადება წარადგინა, იყო „დაგმა“, რომელმაც სამუშაოს შესრულება 31,9 მლნ ლარად შესთავაზა. ტენდერში გამარჯვებული დეტალების დაზუსტებისა და დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გამარჯვებული კომპანია დაფინანსებას თბილისის ბიუჯეტიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს:
2025 წელი - 10 000 000 ლარი;
2026 წელი - 18 000 000 ლარი;
2027 წელი - 19 000 000 ლარი.
შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ტენდერის ფარგლებში კომპანიამ სამი წლის განმავლობაში უნდა აღადგინოს პარკის ცნობილი კასკადი და შადრევნები, დაამონტაჟოს განათების ახალი სისტემა, განაახლოს სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემები და დაამონტაჟოს სათვალთვალო კამერები.
ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიას უნდა ჰქონდეს რეკრეაციული ზონების, შადრევნების და გარე განათების დამონტაჟის გამოცდილება.
თბილისის მერიამ პარკის რესტავრაცია ბოლოს 2022 წელს განახორციელა. განახლებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, პარკის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა - სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
გამოძიების ვერსიით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა ყალბი პროექტი, რომელიც ელექტრომოწყობილობის დამონტაჟებისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს არ შეესაბამებოდა. შედეგად „გრინსერვისმა“ შეასრულა სამუშაო, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
მომხდარ ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს - ცხრავე პირი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე დამნაშავედ ცნეს.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
ყველა ახალი ამბავი
0