სტინგის კონცერტის ბილეთებს ყიდდა: საქართველოში პირს ფიშინგისთვის ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიმომღერალი სტინგი
მომღერალი სტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2025
გამოწერა
დაკავებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით შექმნა ყალბი „ფიშერული" ვებგვერდი bsafest.online, რომელსაც რეკლამირებას სოციალურ ქსელში უწევდა.
„აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით (ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ სტინგის კონცერტი საქართველოში დაგეგმილიც არ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0