საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2025
გამოწერა
დღეს კომისიამ ანალოგიური გადაწყვეტილება ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიიღო.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, TBC Bank-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას 25 მარტს მიმართა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლისსამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს
დღეს კომისიამ ანალოგიური გადაწყვეტილება ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიიღო - საგამოძიებო კომისია ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობლობის გამო პროკურატურას 26 მარტის დღის ბოლომდე მიმართავს.
კომისია 25 მარტის სხდომაზე ნავთობკომპანია „მაგნატის“ ყოფილი მფლობელის, ჯემალ ლეონიძის საქმეს განიხილავდა. ლეონიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მას ქონება ჩამოართვეს, თავად კი დააკავეს.
ბიზნესმენმა საპატიმრო, პოლიტპატიმრის სტატუსით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოითხოვა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების კონფისკაციაში ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, TBC Bank-ის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესაც ადანაშაულებს.
კომისიის მუშაობის წესი
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"
„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".
ყველა ახალი ამბავი
0