რეპრესიები განსხვავებული აზრის გამო: ექს-გუბერნატორი სააკაშვილის მმართველობის შესახებ

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2025
გამოწერა
მიხეილ ქარელს შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2004-2007 წლებში ეკავა.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რეპრესიებზე ისაუბრა.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
„რა თქმა უნდა, მან (სააკაშვილმა - რე.) ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე და მაშინვე ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, შემდეგ ოთახში შემიყვანეს, რომელიც სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში“-აღნიშნა ქარელმა.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის თქმით, სააკაშვილთან ურთიერთობის შემდეგ სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც კი მისახვედრი იყო, რომ იგი ფსიქიკურად ავად იყო.
„მე გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო, ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით", - განაცხადა ქარელმა.
მან გაიხსენა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული ეპიზოდი. აღნიშნული ფაქტით გაბრაზებულმა სააკაშვილმა განცხადება დახია და გააფრთხილა გუბერნატორი, აღარასოდეს დაეწერა მსგავსი რამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებით დაემუქრა.
ქარელმა ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც მის ოჯახზე ხორციელდებოდა.
„მან მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. სამართლებრივად როგორ შეფუთა ეს კიდევ ცალკე თემაა. ისევე როგორც ჩემ დედმამიშვილებს, ყველანი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე ჩემი დედმამიშვილებიც და დედაჩემიც სამსახურში, არადა იმ დროს მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი", - განაცხადა ქარელმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ფსიქიკურად საშიში ადამიანია.
ვინ არის მიხეილ ქარელი
მიხეილ ქარელს შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2004-2007 წლებში ეკავა.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი 2007 წლის 23 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მას ბრალი წაუყენეს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და ქრთამის აღებაში - ქარელი 200 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მას შემდეგ, რაც ქარელი სასამართლოში არ გამოცხადდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ხელისუფლებამ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ქარელმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და სამშობლოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდა.
ქარელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0