საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2025
გამოწერა
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ ყოველდღიურად ათიათასობით ლარი შეაქვთ ბიუჯეტში.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას, ასევე საპროტესტო აქციების გამართვაზე არაერთი შეზღუდვის დაწესებას. ასე მაგალითად, გზის გადაკეტვაზე ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ“, - განაცხადა პრემიერმა „იმედი LIVE”-ში.
პრემიერს თქმით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, როდესაც 300 ადამიანამდე ერთი საათით იკრიბება.
„ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში“, -განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ძალიან რთული ურთიერთობები აქვთ პარტიების შიგნით, რომ არაფერი ითქვას პარტიებს შორის ურთიერთობებში.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0