მოქალაქეების კუთვნილი 18 მლნ ლარზე მეტი მიისაკუთრეს: 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2025
გამოწერა
ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18.648,902 ლარს დაეუფლნენ.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს.
აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.
მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, ისინი 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18.648,902 ლარს დაეუფლნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
ბრალდებულთაგან ერთ პირს 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8,4 წლით, 6,8 წლით და 5,9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ყველა ახალი ამბავი
0