„ისწავლე და დასაქმდი“: თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2025
გამოწერა
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაში 12 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს.

„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. პროგრამა ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. ასევე დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, – განაცხადა კალაძემ.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამას წელს დაემატება 10 ახალი სპეციალობა, მათ შორის, ბრენდ-დიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვ.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.
პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0