ეს არის უკანონო გადაწყვეტილება: სააკაშვილის ადვოკატი მოსამართლის განაჩენზე
ბექა ბასილაია

გამოწერა
ადვოკატ ბასილაიას თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ სურს სააკაშვილის გათავისუფლება.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და პოლიტიკური, განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია კი 300 ათასი ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის ეს მესამე და მაქსიმალური ვადაა.
„ქართული ოცნების” მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე ისინი ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, რადგანაც როცა ჩვენ სასამართლოს და მის არგუმენტებს ვუსმენთ იმის თაობაზე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ, 10%-ზე. საქმის 90%-თან დაკავშირებით კი ჩვენ განმარტება არ მოგვისმენია", - განაცხადა ბასილაიამ.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილისა და ჯანაშიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ჯანაშიასთან მიმართებით გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს პროკურატურაც, რომელიც ჯარიმის პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.
„პიჯაკების საქმე"
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს. ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.