ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2025
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა.
„პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 19,7%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0