ევროპელი ელჩები საქართველოში მოსამართლეების დაშინებას ცდილობენ - პაპუაშვილი

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2025
გამოწერა
ელჩების დასწრება სასამართლო სხდომაზე - ეს არის საერთაშორისო მართლწესრიგის უხეში დარღვევა, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროპული ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში სასამართლო პროცესებს ესწრებიან, ზეწოლას ახდენენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ლიეტუვისა და საფრანგეთის ელჩები პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრნენ. გამომძიებლების თქმით, მან საპროტესტო აქციის დროს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
„ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ, ამას მოჰყვება სასჯელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ეს არის საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევა, აღნიშნა მან.
ელჩების დასწრება სასამართლო სხდომებზე სხვა მიზნებს არ ისახავს, რადგან ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ენა იციან, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარად ელჩები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობას ავლენენ.
„ეს არის ზუსტად საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ესწრებოდა ლიეტუვის ელჩი, იმ ქვეყნის, რომელმაც ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა.
„იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა, ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და იმ სასამართლო პროცესებზე ჯდება იმ მოსამართლეებთან, რომელსაც მისი ხელისუფლება ასანქცირებს“, - გამაცხადა პაპუაშვილმა.
ლიეტუვამ დაასანქცირა 100-ზე მეტი ოფიციალური პირი, მათ შორის მთავრობის წევრები, მოსამართლეები და პარლამენტის დეპუტატები.
ვინ არის მზია ამაღლობელი
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს დააკავეს. ინციდენტი მოხდა საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმში დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ის ადმინისტრაციული წესით სხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი (აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე) დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა.
ამაღლობელმა დაკავების შემდეგ გამოაცხადა შიმშილობა, რომელმაც 37 დღე გასტანა. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაშია და რუსთავის ციხეში იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0