დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

© Ozurgeti City Hallთოვლი გურიაში
თოვლი გურიაში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2025
გამოწერა
კომისია ზარალის დათვლას დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
თბილისი, 3 მარტი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა - უამინდობის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერებული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, „საქართველოს რკინიგზამ" დასავლეთის მიმართულებით მატარებლების რეისები გაუქმდა, ჩაიხერგია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ენერგო და გაზმომარაგება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
კერძოდ, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც გარემონტებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.
თოვლით დაზარალებულ რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან მაშველები, პოლიცია და ჯარი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეიქმნა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძის განცხადებით, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ბოლო ცნობებით, რეგიონში ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 110 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ბუნებრივი აირი 171 აბონენტს არ მიეწოდება.
თოვლით დაზარალებული გურიის მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სასურსათო პროდუქცია და პირველადი მოხმარების საგნები ჩაიტანეს, რომელიც დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგდება.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600 თანამშრომელი და თავდაცვის ძალები მუშაობენ. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
გურიის რეგიონში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.
ყველა ახალი ამბავი
0