პაპუაშვილი: მედიის დაფინანსების ახალი წესები ოპოზიციისთვის არახელსაყრელია

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2025
გამოწერა
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მედია-საშუალებების უცხოური დაფინანსების მიღების აკრძალვაზე ოპოზიციის რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი მედიისთვის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას აპირებს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები შედის. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მედიაორგანიზაციები „უცხო ძალისგან“ ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შესძლებენ.
„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ დრომდე საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „გვარამიას, ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა".
ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელია. ტელეარხი 2019 წელს შეიქმნა. 2024 წელს გვარამიამ ტელეკომპანიის გენდირექტორის თანამდებობა დატოვა და აქტიური პოლიტიკით დაკავდა.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის და მისი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ „პატრონად“ ითვლება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს. „ქართულ ოცნებაში" მას ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხშიც გარკვევა, ვინაიდან ეს ფაქტი თუ დადასტურდა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარე ჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ყველა ტელეარხი, გარდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა, კერძო მფლობელების ხელშია, რომლებიც განსაზღვრავენ არხის პოლიტიკას.
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ" კანონში
ცვლილებების თანახმად, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე აიკრძალება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემაში შემავალი სუბიექტი, ფიზიკური პირი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), ასევე უცხოეთში დაფუძნებული იურიდიული პირი და უცხოეთში დაფუძნებული ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება.
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფო.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0