ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2025
გამოწერა
ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელად, 1%-ის დონეზე დატოვა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება.
ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წლის იანვარში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18,1% შეადგინა, რაც მეტწილად, ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტის თვალსაზრისით, გასული წლის მანძილზე არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას.
„კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი 2025 წლის პირველ ნახევარში დაიხურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის 1 ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა სამიდან ოთხ წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წლის 1 იანვრიდან ლარში სესხების გაცემის ლიმიტიც გაუქმდა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 28 მაისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0