მედიისთვის ახალი მოთხოვნები მომზადდა - პროექტი პარლამენტშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანიების მიკროფონები
ტელეკომპანიების მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2025
გამოწერა
ყველა წყარო უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ანონიმური წყაროს გამოყენების შემთხვევაში კი ის მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომელიც განსაზღვრავს ახალ მოთხოვნებს საქართველოში რეგისტრირებული მედიასაშუალებების მიერ ახალი ამბების გავრცელებისას.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა „ხალხის ძალამ" მოამზადეს.
კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები. მანამდე კანონში მიუკერძოებლობის მოთხოვნა არ არსებობდა.
ცვლილებების თანახმად, სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო. ასევე დაუშვებელი იქნება ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის რეკონსტრუქცია ან დადგმა.
ყველა წყარო უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ანონიმური წყაროს გამოყენების შემთხვევაში კი ის მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული.
ფაქტობრივი შეცდომების გამოსწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, შესაძლოა, შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტის მოყვანით, უფლება აქვს 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს შეცდომის გამოსწორება. თუ მაუწყებელი უარს იტყვის შეცდომების გამოსწორებაზე, საჩივარი შეიძლება შეიტანოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში.
გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.
მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
მედიას მოეთხოვება პასუხი გასცეს მეორე მხარეს, ხოლო ერთი მხარის მოწვევა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც თავდასხმის საშუალება იმ ჯგუფებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამებში.
გარდა ამისა, მედიას ეკრძალება პირად ცხოვრებაში ჩარევა და ეს გამართლებული იქნება საზოგადოების კანონიერი ინტერესით. ამასთან, საჯარო ან კერძო დაწესებულებებში გადაღება განხორციელდება მხოლოდ მესაკუთრის ნებართვით, გარდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა.
ასევე აკრძალული იქნება მასალების გადაღება და გავრცელება, რომელსაც ჰყავს უბედური შემთხვევის ან პირადი ტრაგედიის მსხვერპლი, მათი თანხმობის გარეშე.
ფარული გადაღება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა და ასევე ემსახურება ახალი მტკიცებულებების მოპოვებას და სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას.
„პროექტის მიღება განპირობებულია ქართულ კანონმდებლობაში მედიამომსახურების ბრიტანული მოდელის დანერგვით, რათა დაძლიოს მაღალი ხარისხის და ობიექტური მაუწყებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები“, - განმარტავენ პროექტის ავტორები.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის ხელოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0