დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი ავამაღლოთ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2025
გამოწერა
საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდეს ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა, განაცხადა დავითაშილმა
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროები, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ამ კუთხით სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია.
„საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა რეკორდული ტემპით იზრდება - 2025 წლის იანვარში მან 1,1 მლნ ტონა შეადგინა, 14%-ით მეტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, იგი 37%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიზარდა 21%-ით, ქიმიკატების - 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთების - 70%-ით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა - მოდერნიზაციის შედეგად რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
„ყოველივე ეს საშუალება იძლევა, რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფანში და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა.
„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს და ვსაუბრობთ მომავალ პერსპექტივაზე, ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, გაზარდოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველომ ტვირთბრუნვის გასაზრდელად პრაქტიკულად დაასრულა აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის გაფართოება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა.
შუა დერეფანი
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ისევე ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0