ცუდი ხილვადობის გამო აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო

© Kutaisi International Airportქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2025
გამოწერა
ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. შატლ ბასების მოძრაობაც.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. დიდთოვლობამ რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და გურია დააზარალა.
უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.
ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო ასევე დროებით შეჩერდა ე.წ. შატლ ბასების მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.
უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა, ასევე სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.
დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“.
უამინდობისა და ქარბუქის გამო ბათუმის აეროპორტიც რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა. 24 თებერვალს აეროპორტში 8 ავიარეისი გაუქმდა - ავიარეისებს მის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტი იღებდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი 27 თებერვლამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.
ყველა ახალი ამბავი
0