დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაეროპორტის ტერიტორია
აეროპორტის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2025
გამოწერა
ბათუმის ნაცვლად ავიარეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა.
ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, უამინდობის გამო, მესამე დღეა ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები ვერ სრულდება, ასევე გაუქმდა თელ-ავივის ავიარეისი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და მესამე დღეა ავიარეისებს მის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტი იღებს.
„დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელ-ავივში ქუთაისიდან გაფრინდება", - ნათქვამია გაერთიანების ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
ყველა ახალი ამბავი
0