სვანეთი ფრირაიდში ექსტრემალურ მსოფლიო ტურს მასპინძლობს

© Government of Georgiaთეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2025
გამოწერა
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სვანეთის კურორტ თეთნულდზე უკვე მეორედ გაიმართება მსოფლიო ტური ფრირაიდში – Freeride World Tour, რომელიც ცნობილია, როგორც სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ოფიციალურად დღეს, 22 თებერვალს გაიხსნება, 23 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით პერიოდში კი ასპარეზობა გაიმართება.
საქართველო უკვე მეორედ დასახელდა ექვს წამყვან ქვეყანას შორის კანადასთან, ანდორასთან, ესპანეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან ერთად, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი–რაიდერი, მათ შორის, „ვაილდ ქარდის“ მფლობელი, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველომ, ფრირაიდის მსოფლიო ტურს, პირველად, გასულ წელს უმასპინძლა.
„შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
Freeride World Tour ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. შეჯიბრება მაშველების მუდმივი მეთვალყურეობით ტარდება. დაწყების წინ ყველა ადგილს სპეციალისტები გულმოდგინედ ამოწმებენ. ყველა სპორტსმენს აქვს უსაფრთხოების ყველა საშუალება, მათ შორის ზვავის მაუწყებელი გადამცემები.
ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება.
სამინისტროს განცხადებით, მესტია მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
მსოფლიო ტური 300 მლნ (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0