პრეზიდენტი კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ულოცავს

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2025
გამოწერა
საქართველო „ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს „ევრობასკეტზე” ასპარეზობის უფლების მოპოვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
21 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
„მადლობა ჩვენს ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც დღეს თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ გამარჯვებით აჩუქეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო კალათბურთელები საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ!", - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - ევრობასკეტზე საქართველო ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი „ევრობასკეტის" საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0