საქართველოს კალათბურთი ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
© Georgian Basketball Federationსაქართველოს ეროვნული ნაკრები

© Georgian Basketball Federation
გამოწერა
საკალათბურთო ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
კალათბურთელები სახელმწიფო ჯლდოზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.
21 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა - ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას - მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს.
ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე - ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილი არიან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული - თორნიკე შენგელია.
ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.