ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირი: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2025
გამოწერა
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, რომლებმაც სიტყვის უფლებით ისარგებლეს. ისინი არ დაეთანხმნენ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და უარყვეს შესაძლო კავშირი ტერორიზმთან.
დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა - ორივე მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო და, ალტერნატივის სახით, სასამართლოს 5 000 და 15 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
„სამწუხაროდ, ველოდით რომ იქნებოდა პატიმრობა და იყო პატიმრობა. რატომ ველოდით - როცა პროკურორი კითხულობდა თავის პოზიციას, დაფიქსირდა სიტყვა „ისლამური სახელმწიფო", ხოლო 236-ე მუხლი აბსოლუტურად არ ნიშნავს „ისლამურ სახელმწიფოს", ეს არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა," - განაცხადა ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავა.
აღნიშნული პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გრძელდება, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, რაც 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0