წულუკიანი: უკრაინა კლოუნმა დაღუპა

© photo : Official Social media account of the President of Ukraineვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ზედაპირულ ლიდერს, პროფესიით კლოუნს, რომელმაც დაღუპა ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც უკრაინაა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზელენსკის უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე". მისი თქმით, ზელენსკი ცუდად ართმევდა თავს კომედიანტის სამუშაოსაც, შემდეგ აშშ-სგან ფულს ითხოვდა იმ კონფლიქტისთვის, რომელში გამარჯვებასაც ვერ შეძლებდა, ახლა კი არ სურს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება.
„რეალურად უკრაინა, ძლიერი სახელმწიფო, ზედაპირულმა ლიდერმა, პროფესიით კლოუნმა დაღუპა. მამა- პაპურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად სატირალი ამბავია იმიტომ, რომ ეს ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა“, -განაცხადა წულუკიანმა.
პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს უარესი ელოდა, რადგანაც ქვეყანას არ აქვს იმხელა რესურსი, რაც უკრაინას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ და ხელისუფლების უარის გამო, მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდი ოპონენტების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
„იყო გარკვეული რისკი, რომ თუ ქართველი ხალხი თავის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერდა, შეიძლება განვითარებულიყო ცუდი, საფრთხის შემცველი მოვლენები“, - განაცხადა წულუკიანმა და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ოპოზიციას და რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს კი სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.
წულუკიანის თქმით, ის ბევრი ავბედითობა, რაც ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე გამოიარა, როგორც ჩანს მაინც ადვილად მიგვახვედრებს ხოლმე სად არის საფრთხე, სად არის სიმართლე და სად არის შეფარული ტყუილი.
„ჩვენ, როგორღაც დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვესწარით იმ დღეს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ხელმძღვანელობა ამბობს ზუსტად იმავეს, რასაც ჩვენ ვამბობდით 2022 წლის გაზაფხულიდან“,-დასძინა წულუკიანმა.
გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე ტრამპმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინამ ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გამოიყენა შესაძლებლობა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის შენარჩუნებისთვის, ახლა კი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ უნახავს გამჭვირვალე ანგარიში იმის თაობაზე, თუ სად მიდის ვაშინგტონის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული „ასობით მილიარდი" დოლარი.
სამშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების პირველ რაუნდი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან პირობები რუსეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის სრულად აღდგენისთვის, ასევე უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება გეოპოლიტიკურ სფეროებსა და ეკონომიკურ საკითხებში.
კერძოდ, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, აღმოფხვრან ხელოვნური შეზღუდვები საელჩოებისა და სხვა უცხოური ინსტიტუტების მუშაობაზე და შექმნან მაღალი დონის სამუშაო ჯგუფები უკრაინის კრიზისის სწრაფად მოგვარებისთვის. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-მა მოსკოვის პოზიციის უკეთ გააზრება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0