კალაძე: საქართველოს ხელისუფლებას აიძულებდნენ „მეორე ფრონტის" გახსნას

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
იყო მცდელობა, ეიძულებინათ ჩარტერული რეისების ორგანიზება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გასაგზავნად, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეიძულებინათ ქვეყნის ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის" გახსნა, თუმცა, მმართველმა ძალამ შეძლო ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მეორე ფრონტის“ გახსნა არის გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსების საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი გააჩინა.
„ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი, რის წინაშეც აღმოვჩნდით. ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა ამაზე საუბარი, როდესაც, მაგალითად, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ესაუბრებოდნენ უხეშად და იყო პირდაპირი მცდელობა ძალდატანებით, ხელების გადაგრეხვით ქვეყანაში გახსნილიყო „მეორე ფრონტი", - განაცხადა კალაძემ.
პარტიის გენმდივანმა გაიხსენა, რომ იყო მცდელობა, ეიძულებინათ ჩარტერული რეისების ორგანიზება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გასაგზავნად. ასევე იყო „პირდაპირი მცდელობა და უხეში ძალდატანება", რომ ქვეყანა შეერთებოდა სანქციებს, რომელიც საზიანო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის მომავალისთვის.
„როდესაც შენ აწესებ სანქციებს, რომლითაც სხვას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ ხალხს და ქვეყანას დააზიანებ. როგორ შეიძლება მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები?", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მმართველ ძალას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავე დროს ვალდებულება დაიცვას ქვეყნის ინტერესები.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ეს მეგობრობაც წლების განმავლობაში ცალმხრივი იყო, რადგანაც, ძირითადად, ხდებოდა მათი ინტერესების გატარება. როდესაც გეუბნებიან, კედელს დაეტაკეო, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იცი, რომ დაზიანდები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ოპოზიციას და რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს კი სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.
ყველა ახალი ამბავი
0