ბინა 1 ლარად: დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
მერიის ცნობით, 2017-2024 წლებში საკუთრება 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.
„აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, რათა დაგიკანონდეთ ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობთ. ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული, რაც ძალიან მიხარია“, - განაცხადა კალაძემ.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა.
გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
ყველა ახალი ამბავი
0